მზის სისტემის მთვარეები

თანამგზავრების გამოსახულებები მიღებულია “გალილეოდან”, “კასინიდან” და “ვოიაჟერ-2”-დან

ასტრონომიის მოყვარულები ხშირად იჩენენ ინტერესს პლანეტების თანამგზავრების სახელებთან დაკავშირებით. მათ ხშირად აინტერესებთ საიდან მოდის ეს დასახელებები და რატომ არიან ისინი შერჩეულები ამა თუ იმ თანამგზავრისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ძალიან აშკარაა, მაგალითად, ფობოსი (“შიში”) და დეიმოსი (“საშინელება”) – ისინი რომაული ომის ღმერთის – მარსის შვილები არიან. მარსის თანამგზავრებს ეს სახელები მათმა აღმომჩენმა, ესაფ ჰოლმა მოუფიქრა. იუპიტერის თანამგზავრებს ასევე უხდებათ მათი სახელები, რომლებმაც ასტრონომმა, სიმონ მარიუსმა (1614 წ.) შეარქვა: დედოფლები – იო და ევროპა, ისევე როგორც ნიმფა კალისტო (გაიხსენეთ მითი დიდი დათვის თანავარსკვლავედზე), ისინი ბერძნული ღმერთის – ზევსის საყვარლები იყვნენ, ზევსის კულტი შეერწყა რომაელების მთავარი ღმერთის – იუპიტერის კულტს. განიმედე ზევსის მელიქიფე იყო. ასტრონომი მარიუსის შემდეგ მთვარეების სამყაროში ანტიკური მითოლოგიის გმირების სახელებმა ფართოდ გავრცელება დაიწყო.

იუპიტერის მთვარეების დიდი ნაწილიც მითოლოგიური გმირების სახელს ატარებს. მაგალითად, ამალთეა (ზევსის ძიძა), ადრასტეა (ნიმფა, რომელიც ზევსს თხის რძით კვებავდა), ელარა და ლისიტეა (ზევსის საყვარლები), პასიფე (ზევსის ერთ-ერთი ქალიშვილი). გამონაკლისებს წარმოადგენენ სინოპე (სახელწოდება მიიღო შავ ზღვის ნაპირზე არსებული ქალაქიდან) და იუპიტერის რამდენიმე თანამგზავრი, რომლებიც შედარებით ახლად იყვნენ აღმოჩენილნი.

ურანის თანამგზავრებში საკმაოდაა შექსპირის პიესების გმირების სახელები: ობერონი (ელფების მეფე), ტიტანია (ობერონის ცოლი), არიელი (ჰაერის სული). ჩვენს დროს, როდესაც აღმოჩენილი იყო ურანის ორი ახალი თანამგზავრი, მათ კალიბანი და სიკორაქსი დაარქვეს – შექსპირის დრამის “ქარიშხალის” პერსონაჟების სახელები. კალიბანი – უხეში მამაკაცი, რომელიც ზედსართავ სახელად იქცა. სიკორაქსი – ბოროტი ალქაჯი, კალიბანის დედა. მსგავსი არასახარბიელო სახელები ურანის თანამგზავრებმა მათი “ჭირვეული ხასიათის” გამო მიიღეს: სისტემაში ისინი პლანეტის გარშემო უკმიმართულებით ბრუნავენ და აშკარად გამოწეული ორბიტები აქვთ. სიკორაქსი თავისებური რეკორდსმენიცაა – მას მზის სისტემაში არსებული თანამგზავრებიდან ბრუნვის ყველაზე დიდი პერიოდი აქვს, იქ ერთი წელიწადი 1289 დღეს უდრის.

ნეპტუნმა საკუთარი სახელი რომაული ზღვის ღმერთისგან მიიღო და რა თქმა უნდა, გარშემორტყმულია შესაბამისი თანამგზავრებით: ტრიტონი – ნეპტუნის ვაჟი (ბერძნულ მითოლოგიაში – პოსეიდონის), ნერეიდა (პოსეიდონის ერთ-ერთი ნიმფა). თანამგზავრები, რომლებიც სულ რაღაც 10 წლის წინ იყვნენ აღმოჩენილნი, ასევე შევიდნენ ნეპტუნის გარემოცვაში. გაჩნდა ნიადა (ნიადები – წყაროების, ნაკადულების ნიმფები). ლარისა – არგოსული ნიმფა, პოსეიდონის საყვარელი. გალათეა – ნერეიდა, ზღვის ერთ-ერთი ღვთაება. ერთი სიტყვით, ყველა ეს პერსონაჟი კავშირშია ოკეანეების, ზღვებისა და მდინარეების ღვთაებებთან.

პლუტონის თანამგზავრმა (მიწისქვეშა სამეფოს ღმერთი) ასევე მიიღო საკმაოდ პირქუში სახელი – ქარონი, ის მიწისქვეშა სამეფოში, მივიწყების მდინარის გავლით გარდაცვლილი სულების გადამყვანია.

მზის სისტემის ძირითადი თანამგზავრები

დედამიწის ჯგუფის პლანეტებიდან, რომლებიცაა მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი, არც მერკურს და არც ვენერას ბუნებრივი თანამგზავრები არ გააჩნია. დედამიწას ერთი თანამგზავრი ჰყავს, მარსს კი ორი: ფობოსი და დეიმოსი. მზის სისტემის გაზის გიგანტებში (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) კი საქმე უფრო საინტერესოდაა, რადგან ამ პლანეტებს დიდი მასა და ძლიერი გრავიტაცია აქვთ, რითაც მეტი მსხვილი ობიექტის მიზიდვას შეძლეს.

ყველაზე მეტი თანამგზავრი მზის სისტემის ყველაზე მსხვის პლანეტას, იუპიტერს გააჩნია. იუპიტერს დაახლოებით 79 ასტონომიისთვის ცნობილი თანამგზავრი ჰყავს, მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრის, განიმედეს ჩათვლით. ზომით მეორე ადგილზე მყოფ პლანეტა სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის – ტიტანი, ის ყველაზე მსხვილი და მზის სისტემაში ზომით მეორე ადგილზე მყოფი თანამგზავრია. ურანს 27 თანამგზავრი გააჩნია, ნეპტუნს – 14.

აქ თავი მოვუყარეთ მზის სისტემის ყველაზე მსხვილ თანამგზავრებს და განვიხილავთ მათ უნიკალურ თავისებურებებს.

1. განიმედე – იუპიტერის თანამგზავრი. ეს მზის სისტემაში არსებული ყველაზე მსხვილი თანამგზავრია. მისი დიამეტრი 5268 კილომეტრია, რაც 8%-ით აღემატება მერკურის დიამეტრს.

2. ტიტანი – სატურნის თანამგზავრი. სიდიდით მეორე თანამგზავრი მზის სისტემაში. მისი დიამეტრია 5152 კმ, რაც მთვარისაზე 50%-ით მეტია. ტიტანი ზომით ასევე აღემატება პლანეტა მერკურის.

3. კალისტო – იუპიტერის თანამგზავრი. კალისტოს დიამეტრი მერკურის დიამეტრის 99%-ს შეადგენს.

4. იო – იუპიტერის თანამგზავრი. იო მზის სისტემის ყველაზე აქტიურ გეოლოგიურ სხეულს წარმოადგენს, რადგან მის ზედაპირზე 400-ზე მეტი აქტიური ვულკანია. ზოგიერთი ვულკანის აფეთქება იმდენად მძლავრია რომ 500 კმ სიმაღლემდე აღწევს.

converted PNM file

5. მთვარე – დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი. მთვარის დიამეტრი 3474 კმ-ს შეადგენს.

6. ევროპა – იუპიტერის თანამგზავრი. ზომებით ევროპა მთვარეს ჩამოუვარდება. მისი ზედაპირი ყინულისგან შედგება. არსებობს ჰიპითეზა რომ ყინულის სქელი საფარის ქვეშ შესაძლოა ოკეანე არსებობდეს, რომელშიც მიკროსკოპული სიცოცხლეა.

7. ტრიტონი – ნეპტუნის უმსხვილესი თანამგზავრი. ტრიტონის მასა ნეპტუნის ცნობილი ყველა თანამგზავრის მასის 99,5%-ს შეადგენს. ტრიტონის ზომა ასევე აღემატება მზის სისტემის უდიდეს ჯუჯა პლანეტებს – პლუტონს და ერიდას.

8. ტიტანია – ურანის უმსხვილესი თანამგზავრი. ტიტანიის ახლო ხედის ერთადერთი გამოსახულება მიღებული იყო “ვოიაჟერ-2”-ის მიერ, ურანის სისტემის გამოკვლევისას 1986 წელს.

9. რეა – სატურნის თანამგზავრი. რეას ზედაპირი შედგება ყინულოვანი წყლისა და ქანებისგან (ქვიანი ზედაპირი), რომლებიც თანამგზავრის მასის მესამედს შეადგენენ.

10. ობერონი – ურანის თანამგზავრი. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ობერონის ბირთვისა და მანტიის საზღვარზე შესაძლოა თხევადი ოკეანე იყოს. ამ ოკეანის სიგანე, თუ ის არსებობს, შეიძლება 40 კილომეტრს აღწევდეს.

11. იაფეტი – სატურნის თანამგზავრი. იაფეტზე უნიკალური ქედი მდებარეობს, რომელიც თანამგზავრის ეკვატორს გარს ერტყმის. მისი სიმაღლე 13 კილომეტრს აღწევს, სიგანე კი 20 კილომეტრს.

12. ქარონი – პლუტონის თანამგზავრი. მისი დიამეტრი დაახლოებით 1200 კმ-ს შეადგენს. 2006 წელს ქარონისთვის პლანეტის სტატუსის მინიჭება იგულისხმებოდა, რაც ნიშნავდა რომ სისტემა “პლუტონი-ქარონი” ორმაგ პლანეტად აღირიცხებოდა. თუმცა, საბოლოო ვარიანტში შემოღებულ იქნა “ჯუჯა პლანეტის” გაგება. ჯუჯა პლანეტების ნუსხაში პლუტონი გაამწესეს, ხოლო ქარონი მის თანამგზავრად გახდა კლასიფიცირებული.

13. უმბრიელი – ურანის თანამგზავრი. ურანის თანამგზავრებიდან უმბრიელს ყველაზე მუქი ზედაპირი გააჩნია, რომელიც დაცემული სინათლის მხოლოდ 16%-ს ირეკლავს. მოცემული თანამგზავრი, ისევე როგორც ტიტანი, ახლოდან შესწავლილი იყო მხოლოდ 1986 წელს.

14. არიელი – ურანის ზომით მეოთხე თანამგზავრი და მზის სისტემაში ზომით მე-14. 1986 წელს გადაღებული იყო მისი ზედაპირის მხოლოდ 35%. მას შემდეგ არცერთ კოსმოსურ აპარატს მის სიახლოვეს არ გაუფრენია.

15. დიონა – სატურნის თანამგზავრი. დიონა ძალიან ჰგავს სატურნის მეორე თანამგზავრ – რეას, რომელიც წყლოვანი ყინულით და ქვიანი ზედაპირითაა დაფარული.

16. ტეთისი – სატურნის თანამგზავრი. 1062 კმ დიამეტრით ის მზის სისტემის თანამგზავრებში ზომით მე-16 ადგილზეა. ეს ყინულოვანი თანამგზავრია, რომელიც დიონას და რეას ჰგავს.

17. ენცელადი – სატურნის თანამგზავრი. 2011 წელს ნასას მეცნიერებმა გამოაცხადეს რომ ენცელადი – “დედამიწის გარდა, მზის სისტემაში ყველაზე მისაღები ადგილია, ისეთი სიცოცხლისთვის, რომელსაც ვიცნობთ”. ეს იმითაა განპირობებული რომ თანამგზავრზე გახსნილი იყო გეიზერები, რომლებიც შადრევანივით იფრქვეოდნენ სამხრეთ პოლარულ ტერიტორიაზე. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც “კასინი”-ს ზონდმა მოიპოვა, ნაკადების ნივთიერება, და შესაბამისად, ენცელადის ოკეანის ზედაპირი, შეიცავს დიდი რაოდენობით სოდას და მარილს. მსგავსი ნივთიერებების შემადგენლობით დედამიწაზე 2 ტბა არსებობს (მონო და მაგადი), რომლებშიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმები ცოცხლობენ, მათ შორის სხვადასხვა სახეობის კიბორჩხალები.

18. მირანდა – ურანის თანამგზავრი. მირანდაზე სეზონების ცვლა საკმაოდ უცნაურია – ამ თანამგზავრის თითოეული პოლუსი 42 წლის განმავლობაში სრულ სიბნელეში იმყოფება, შემდეგი 42 წელი კი განათებულია.

19. პროთეუსი – ნეპტუნის თანამგზავრი. მისი დიამეტრი დაახლოებით 420 კილომეტრს შეადგენს. პროთეუსი აღმოჩენილი იყო მხოლოდ 1989 წელს, ის ისე ძალიან ახლოსაა ნეპტუნთან განლაგებული რომ არეკლილ მზის სხივებში იკარგება.

20. მიმასი – სატურნის თანამგზავრი. 400 კილომეტრიანი დიამეტრით, მიმასი მზის სისტემის თანამგზავრების სიაში სიდიდით მე-20 ადგილზეა. 200 წელზე მეტი ხნის წინ (აღმოჩენილია 1789 წელს), არავითარი ნივთიერება, გარდა ყინულისა, მასზე აღმოჩნილი არ ყოფილა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *